სასიამოვნო სიახლე

2022 წლის ნოემბერში, საჩხერის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ყველასათვის მახლობელმა და ძვირფასმა ქალბატონმა, თავისი საქმის ნამდვილმა პროფესიონალმა და ქვეყნის პატრიოტმა -ცისმარი მაჭარაშვილმა, დაიწყო მუშაობა სრულიად ახალ პროექტზე, სახელწოდებით: „განათლების კერები საჩხერის მუნიციპალიტეტში“, რომელიც ითვალისწინებდა 40-ვე სკოლის დაარსების ისტორიის შესწავლას არა ზეპირსიტყვიერების, არამედ მხოლოდ და მხოლოდ საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით და მათ მთლიან თავმოყრას „ერთ ჭერქვეშ“ ანუ ერთ წიგნში. მე საერთოდ არ მეგულება ადამიანი, რომელმაც ქ-ნ ცისმარის თხოვნაზე უარი თქვას. ამიტომაც დაუფიქრებლად დავეთანხმე დავხმარებოდი ამ საშვილიშვილო საქმის განხორციელების საქმეში, რის გამოც 15 თვის მანძილზე ვმუშაობდი საქართველოს ეროვნულ არქივსა და ეროვნულ ბიბლიოთეკაში, განათლების 40-ვე კერის დაარსების ისტორიის შესასწავლად. მოგეხსენებათ, შრომას ყოველთვის აქვს ნაყოფი. დასრულდა ეს ჯოჯოხეთური შრომა და საქმის ბოლომდე მიყვანის მიზნით დღეს – 16 თებერვალს ვეწვიე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების „ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის“ საჩხერის განყოფილების, და კოლეჯ „ორიენტირის“ დამფუძნებელს — ბატონ ანზორ მაჭარაშვილს. შეხვედრამ კონსტრუქციულ, საქმიან და ჰუმანურ ატმოსფეროში ჩაიარა. ბატონი ანზორი, როგორც ქვეყნისა და თავისი კუთხის დიდი პატრიოტი, დახმარებას დაგვპირდა. შემდეგ საშუალება მომეცა დამეთვალიერებინა კოლეჯ „ორიენტირის“ სალექციო აუდიტორიები, კაბინეტ-ლაბორატორიები, სააქტო დარბაზი და ა.შ. რის გამოც აღფრთოვანებას ვერ ვმალავ. ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მადლობა ბატონო ანზორ ყველაფრისათვის. გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს საჩხერის მუნიციპალიტეტისა და მთლიანად ქვეყნის საკეთილდღეოდ.