ქართულო ენავ
(დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა
მესიისა საწამებლად,რათა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს
ამითა ენითა)
ა- ი სამშობლო, აი ენა ჩემი ქართული,
ბ- ნელეთს რამდენჯერ გამოხსნილი უფლის მარჯვენით,
გ- ულის ფიცარზე დაწერილი ჯვარგამართული,
დ- ღემდე ურყევად მოტანილი ქვეყნის გამჩენით.
ე- წერათ სულზე და იქ, სადაც ვერავინ შლიდა,
ვ- ისთვისაც ენა უფალივით ერთ-არსი იყო,
ზ- ვირთად შეკრული საუნჯეა უხსოვარ დღიდან,
თ- აობებს, ჩვენი არსობისთვის წყალობა გვიყო.
ი- კვირტებოდა,მატეანეს ჩუქურთმად კრავდა,
კ- ედლებს ტაძრისას გვიხატავდა, გვიზრდიდა რწმენას,
ლ- ითონჩამოქნილს შემოქმედად თვით ღმერთი ჰყავდა,
მ- ირონდადენილ საჩუქურთმე ღმერთების ენას.
ნ- უგეშად ქმნილი, წმიდანებმა დაატკბეს მადლით,
ო- ი, უფალო,შენ ქართველი ხომ არ ხარ ნეტავ???
პ- ურის და ღვინის საბარძიმე სიწმიდეს გადრით,
ჟ- ღურტულის ენავ,შენს ქებას და დიდებას ვბედავ.
რ- ამდენჯერ ცადეს,ვერ შეგცვალეს,ვერ ჩაკლეს შენში,
ს- ული და ფეთქვა გიმძლავრებდა მადლიან ლოცვებს,
ტ- კივილითა და სისხლით გწერდნენ ქვასა თუ ხეში,
უ- ღმერთოდ მყოფნი, ასო-ასო გაჭრიდნენ ხორცებს.
ფ- არნავაზ მეფის ხილვა თუ ხარ თავად უფლისგან,
ქ- ართულო ჩემო,საოცნებო გაქვს სიტყვის წყობა,
ღ- მერთმა რამდენჯერ გამოგიხსნა მძიმე უღლისგან,
ყ- მუოდა მტერი, შენ შესძელი სიკეთით გმობა.
შ- ენშია ჩემო, საიდულმო, აწ დამარხული,
ჩ- ვეული თმენით დაელოდე მეორედ მოსვლას,
ც- ისა და მიწის სიწმინდე ხარ,თვალდანახული,
ძ- ვალსა და რბილში რომ დაუვლი სათქმელად მგოსანს.
წ- მიდაო ენავ, გალობის და ლოცვის სადარო,
ჭ- ირის დღეებში უფრო მეტად გიჭრიდა თვალი,
ხ- ვალის იმედად,მამულისთვის ნაჭედო ფარო,
ჯ- ვარი გეწეროს საუკუნოდ გეწეროს ჯვარი.
ჰ- ერიო ენავ, შენ სამყაროს შეაზანზარებ,
უფლის- მოსვლისას წამოდექი ფეხზე ლაზარე.
/ნანა მეფარიშვილი/